ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

სკოლა....

2015-09-14

სკოლა.... რამდენი საოცარი და დაუვიწყარი მოგონებაა დაკავშირებული ამ სიტყვასთან. რამდენი მხიარული და სევდიანი, საამაყო და ღიმილის მომგვრელი წუთი გვიბრუნდება მისი ხსენებისას.


აი, პირველი ზარის ხმა, შეშინებული და დაბნეული პირველკლასელები, უზარმაზარი ჩანთებით და კიდევ უფრო დიდი თაიგულებით პირველად მიემართებიან კლასისკენ. პირველი მასწავლებელი - მისი დაუვიწყარი ღიმილი, კეთილი და ოდნავ სევდიანი თვალები, ალერსიანი, თბილი ხელები, მისი სამართლიანი, ზოგჯერ მკაცრი გამოხედვა სამუდამოდ აღბეჭდილია ჩვენს გონებაში და ტკბილ ბავშვობაში გვაბრუნებს.


დღეს პირველი ზარი ირეკება. ვინ იცის, რამდენი მომავალი მეცნიერი, გამოჩენილი ხელოვანი, სპორტსმენი თუ თავდადებული გმირი მიუჯდება წელს პატარა მერხს. ბევრი პატარა გაიხარებს ახალი ჩანთით, ლამაზი წიგნებით, ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით და ათასი ფერადი სასკოლო ნივთებით. მაგრამ არიან ჩვენს ქვეყანაში პატარები, რომლებსაც მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია ყველა ის პატარა წვრილმანი მატერიალური სიკეთე, რომელიც მათ თანატოლ ბავშვებს თავისთავად აქვთ.


ისინი არიან ლამაზები, ჭკვიანები, ნიჭიერები. მათ შეუძლიათ ისწავლონ, იშრომონ და ქვეყანას გამოადგნენ. განუზომელია ბავშვის გულისტკივილი, როდესაც ის თავის თანატოლებთან ერთად ვერ მიდის სკოლაში. უსაზღვროა ახდენილი ოცნებით მოგვრილი სიხარული. არაფერი შეედრება ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს, როდესაც მას სასურველ ნივთს ჩუქნიან. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია დაინახო ეს სიხარული, უფრო მეტი ბედნიერებაა გაახარო პატარა და ამ სიხარულის თანაზიარი გახდე ...


კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენმა” ფონდ "ქვიშის საათთან" ერთად, მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ბავშვთა სახლის მცირეწლოვან აღსაზრდელებს, რამოდენიმე მრავალშვილიან ოჯახს და ობოლ ბავშვებს შეუძინა სასკოლო ნივთები. ეს მცირედი დახმარება, რა თქმა უდა ვერ მოაგვარებს ამ ბავშვების პრობლემებს, მაგრამ საშუალებას მისცემს მათ სხვა ბავშვებთან ერთად მიიღონ განათლება, აჩუქებს მათ პირველი ზარის სიხარულს. ქველმოქმედება პატარა სანთელია, რომლიდანაც მრავალი სხვა სანთელი აინთება და დიდი სიკეთის ჩირაღდნად გადაიქცევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



უკან