ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

ბავშვობა...

2015-06-03

რამდენ რამეს იტევს ეს სიტყვა, უანგარო სიყვარულს და უსაზღვრო სიხარულს, ნამდვილ მეგობრობას და თავგამეტებულ მტრობას, თოვლის ბაბუას საჩუქრებს და დაბადების დღეზე მუყაოს ყუთიდან დრუნჩამოშვერილ ლეკვს, ატყავებულ მუხლებს, დამტვრეულ ველოსიპედს და უმოწყალოდ მოთხუპნულ თოჯინას,  ზღაპრის მოყოლისას ჩაძინებულ ბებიას და მეზობლის ბაღში მოპარული მკვახე ვაშლის გემოს. ბავშვობა ზოგისთვის უზრუნველი, მხიარული, ალერსითა და სიყვარულით სავსე მოგონებაა, ზოგისთვის კი აუხდენელი ოცნებების, ნაადრევი იმედგაცრუების და თანატოლების უსამართლობის მწარე გაკვეთილების ერთობლიობა. ეს ის ხანაა, როდესაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და მტკივნეულია სოციალურ ფენებს შორის განსხვავება. ერთმანეთის გვერდიგვერდ იზრდებიან ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვები და პატარები, ვისთვისაც მშობლების სითბო და სიყვარული, ახალი სათამაშოები, წიგნები, მხიარული ექსკურსია ან საცირკო წარმოდგენა იშვიათი და ძვირფასი საჩუქარია. საერთაშორისო ჰოლდინგ ‘’მაქრო ქონსთრაქშენ’’ -მა საქველმოქმედო ფონდ ‘’ქვიშის  საათის’’ 30 ბენეფიციარს,  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯადოსნური ზეიმი მოუწყო. ჩვენს მიერ ორგანიზებულ იქნა ექსკურსია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ეს იყო მხიარულებით, სიურპრიზებით და ემოციებით სავსე დღე. მოზარდები მონაწილეობდნენ სპორტულ აქტივობებში, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თასის მოსაპოვებლად. ეს იყო ერთი ბედნიერი და უზრუნველი დღე, რომლითაც შევეცადეთ ხალისი შეგვეტანა ამ პატარების ცხოვრებაში. ცხადია,  ერთჯერადი აქციებით (თუნდაც მასშტაბურით) შეუძლებელია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს ამ პატარების ჯერ კიდევ უსუსურ მხრებს და ეს ექსკურსიაც წვეთია საჭიროების იმ ზღვაში, რომელსაც სოციალურად დაუცველი ბავშვების ოცნებები ჰქვია, მაგრამ ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ, რადგანაც შევძელით ერთი დღით მაინც ვყოფილიყავით მათ გვერდით, გაგვეზიარებინა მათი სიხარული და წყენა, გვეცინა და გვეტირა მათთან ერთად. ქვეყანაზე არაფერია უფრო მწარე, ვიდრე გულმოკლული პატარას ცრემლები და არაფერია ბავშვის გულიან სიცილზე უფრო ტკბილი. არაფერი შეედრება ბავშვის  სიხარულით აციმციმებული თვალების ცქერას. მადლობა პატარებს, მათ ჩვენ დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს.

 

 

 



უკან